ქართულის მინიმალური 15 ქულა ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ბავშვს საკუთარი სახელის და გვარის დაწერა არ შეუძლია - მანანა ნიკოლაიშვილი
რამდენიმე დღის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია თითოეულ საგანზე რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური ბარიერი, რამდენმა აიღო მაქსიმალური ქულა და რომელ ვარიანტში.
იმის გასარკვევად, გაუმჯობესდა თუ არა ზოგადი განათლების ხარისხი და აბიტურიენტების მომზადების დონე 2024 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების იხედვით TIA.GE განათლების ექსპერტს მანანა ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა:
- 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ საქართველოში ზარ-ზეიმი იწყება. წელსაც იგივეს ვხედავთ. მთავრობა და საკანონმდებლო ხელისუფლება ტაშს უკრავს იმას, რომ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 95-მა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო ინგლისურ ენაში 1105-მა აბიტურიენტმა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ინტერესების მიმართ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური და მტრული დამოკიდებულება. თუ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უმაღლეს შეფასებას მხოლოდ 95 ბავშვი იღებს, რაც წლევანდელი აბიტურიენტების მთლიანი რაოდენობის 0,3 %-ია, გამოდის, რომ დანარჩენი 99,7%-ის ცოდნა მინიმალური ან მინიმალურზე ცოტა მეტია და სახელმწიფო ენა, რომელსაც კონსტიტუცია იცავს, საფრთხეშია. მშობლიური ენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დღეს არ დაწყებულა, წლებია გრძელდება და ამაზე როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და მთლიანად, საზოგადოებას დაფიქრება მართებს. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა როგორც გამსვლელი ქულების დაწევამ, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების შინაარსობრივმა გამარტივებამ და უცხო ენის, განსაკუთრებით ინგლისურის ტესტების გაძლიერებამ.
_ ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ქულების დაწევა რომელი წლიდან დაიწყო?
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, სააკაშვილის დროს ტესტები ყოვეწლიურად რთულდებოდა და ამათმა პირიქით, გაამარტივეს. ახლა მინიმალური და მაქსიმალური ქულაც კატასტროფულად დაწეულია. მაგალითად, 2013 წელს ქართულის ტესტში მაქსიმალური ქულა 80 იყო, მინიმალური ანუ ზღვარი რომ გადაელახა და ჩაბარებულად ჩათვლილიყო, 21 ქულა ანუ 27% უნდა მიეღო. დღეს რა ხდება? ქართულში მაქსიმალური ქულა 60 -ია და მინიმალური 15 ისიც დამრგვალებით. გამოდის, რომ მაქსიმალური ქულების რიცხვი 20 ქულით შემცირდა, ტესტის სირთულე და დავალებები კი 25%. გამხელაც კი ერიდეებათ, რომ მინიმალური 15 ქულაა და 25% და უფრო მეტიო - ამბობენ. როგორ შეიძლება, რომ ქართულში მინიმალური ქულა 15 იყოს? ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ბავშვს საკუთარი სახელის და გვარის დაწერა არ შეუძლია. ამ დროს ქართულ ენას და ლიტერატურას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, რომელსაც კონსტიტუცია იცავს და უნდა იცავდეს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, მაგრამ ეს არსად ჩანს.
გემახსოვრებათ, რომ 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები განახორციელეს. სწორედ ამ დროს, ზოგადი უნარები ამოიღეს და ქართულის მაქსიმალური 80 ქულა 10 ქულით შეამცირეს ანუ 70 გახადეს. ამის შემდეგ უკან და უკან მივდივართ და დღეს მაქსიმალური ქულა 60 -ია. როცა მაქსიმალური ქულა ქვევით იწევს, ადვილი მისახვედრია, რომ ტესტის შინაარსი და მოცულობა მცირდება და მარტივდება. მაქსიმალური ქულის დაწევასთან ერთად იწევს მინიმალური ქულაც. მინიმალური 15 ქულა იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტს წერა-კითხვა უჭირს. ილია ჭავჭავაძე სულ წერდა, რომ ეროვნული ცნობიერება და ეროვნული თვითშეგნება ნულზეა დასული და ამ 32 წლის მანძილზე აგრესიულმა ფსევდოლიბერალიზმა საერთოდ გაანულა.
_ სხვა საგნებში როგორი მდგომარეობაა?
- ილია ვეკუას, ნიკო მუსხელიშვილის, ანდრია რაზმაძის და სხვა დიდი მათემატიკოსების ქვეყანაში, სადაც ოთხი ფიზიკა-მათემატიკური სკოლაა, ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკაში უმაღლესი შეფასება მხოლოდ 29 აბიტურიენტმა მიიღო. აი, ასეთი მდგომარეობაა! ამასთან, მაქსიმალური ქულა სხვა საგნებთან შედარებით ყველაზე დაბალი - 51 იყო, მინიმალური -11. ადრე მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 59 იყო და ამას ვაპროტესტებდით, მომატებას ვითხოვდით და ამათმა კიდევ 8 ქულით ანუ 14% ით შეამცირეს. 11 ქულა თუ მიიღე, ანუ ტესტის 20% თუ გადალახე, მორჩა, მათემატიკა ჩაბარებული გაქვს. რომელ ახალ ტექნოლოგიებზე, ინფორმატიკაზე, ფინანსებზე და ეკონომიკაზეა საუბარი?
მათემატიკას მარტო საგანი კი არა, აზროვნების წესია. ამაზეა დამოკიდებული ადამიანი როგორ აზროვნებს, როგორ მუშაობს და გადაწყვეტილებებს როგორ იღებს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს, თუმცა ჩვენთან ეს არავის აინტერესებს. 29 აბიტურიენტი საერთო რაოდენობის 0,1 %-ია.
რაც შეეხება უცხო ენას, 2016 წელს მაქსიმალური ქულა 100 იყო, 21 ქულა უნდა მიგეღო, რომ ზღვარი გადაგელახა, მაგრამ 2020 წელს ესეც შეამცირეს. მაქსიმალური 70 ქულაა, მინიმალური - 14.
ისტორიაში მაქსიმალური ქულა 80 იყო და დღეს 60 -ია, მინიმალური ქულა 15-ია. ქიმია-ფიზიკაში 2013 წელს მაქსიმალური ქულა იყო 75 და ახლა 63 -ია. რა თქმა უნდა, მინიმალური ბარიერიც შემცირებულია და 16 ქულაა. ერთადერთი, გეოგრაფია და ბიოლოგია არ შემცირებულა.
_ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ამ მიმართულებით მაინც თუ გვაქვს პროგრესი?
_ წელს 47 000 აბიტურიენტიდან სტუდენტი 32 000 გახდა და შარშან 45 000 აბიტურიენტიდან 34 843 გახდა სტუდენტი ანუ პროგრესი შარშან უფრო იყო და წელს უკუსვლა გვაქვს. ამ მხრივ, 2022 წელსაც უკეთესი შედეგი იყო. ასე, რომ თუ დარეგისტრირებული და ჩარიცხული ბავშვების პროცენტულ მაჩვენებელს და წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, აშკარა უკუსვლა გვაქვს. ცარიელი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, ციფრებით გავამყარებ: 2014 წელს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 78%-მა ჩააბარა და ჩაიჭრა 22%. 2015 წელს 75%-მა ჩააბარა და ჩაიჭრა 25%, 2016 წელს 74%-მა ჩააბარა, 26% ჩაიჭრა, 2015 წელს 76%-მა ჩააბარა, 24% ჩაიჭრა. 2018 წელს 76% მა ჩააბარა, 24% ჩაიჭრა, 2019 წელს 74% მა ჩააბარა, 26% ჩაიჭრა, 2020 წელს 80%-მა ჩააბარა, 20% ჩაიჭრა, 2021 წელს 82%-მა ჩააბარა, 18% ჩაიჭრა, 2022 წელს 82%-მა ჩააბარა, 18% ჩაიჭრა, 2023 წელს 82%-მა ჩააბარა, 17% ჩაიჭრა და 2024 წელს 80% მა ჩააბარა, 20% ჩაიჭრა.
ხელისუფლება თავის დასკვნებში წერს, რომ ჩაბარებულთა მხრივ ბოლო წლეებში პროგრესი და წინსვლა გვაქვს, მაგრამ 2014 წელს 3%-ით მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა ვიდრე 2015 წელს. 2016 წელს მონაცემები კიდევ 1%-ით გაუარესდა და ა.შ. გამოდის, რომ რეფორმები ტარდება, მილიონობით ფული იხარჯება და წინსვლის ნაცვლად, უკუსვლა გვაქვს.