„ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად - მამუკა მდინარაძე
მდინარაძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია.
„დღეს, ტრადიციულად, გაიმართა უმრავლესობის სხდომა. ძირითადად, ჩვენ ვისაუბრეთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია:
ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს, აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და, მიუხედავად ბევრი სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ საშუალება რესოციალიზაციის, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გათვალისწინებული", - აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში პარლამენტში "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონზე იმსჯელებენ, ხოლო მომდევნო სასესიო კვირას მიიღებენ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც 19 კანონისგან იქნება წარმოდგენილი.
„მეორე საკითხი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არის ყველაზე უფრო აქტუალური საკითხებიდან, რომლის გადაწყვეტასაც ამ ეტაპზე, ვინაიდან, დღეს ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მხოლოდ კანონი და არა საკონსტიტუციო ცვლილება, კანონი, რომელსაც მიიღებს დღეს მოქმედი პარლამენტი, ოჯახური ღირებულებების შესახებ, როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ჩვენ მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით განვიხილავთ და მივიღებთ, ხოლო შემდეგ სასესიო კვირაში, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო სასესიო კვირა იქნება ამ მოწვევის პარლამენტისათვის, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც 19 კანონისგან შედგება, ხოლო მას შემდეგ, რაც, ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება" მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ ინიციატივას უკვე ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, იქნა განხილული. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დასახული მიზანი, რომ ეს არ არის მარტივი, თუმცა, „ქართული ოცნება" მაქსიმალურად შეეცდება ქართველი ხალხის მხარდაჭერით იმ გაცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა ყველა ლეგიტიმური გზით უნდა მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ" ამ მიზნებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.