მონღოლეთში დაასახელეს მიზეზი, რომლის გამოც ვლადიმერ პუტინი არ დააკავეს
მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ იმის გამო არ შეასრულა, რომ ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული. ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
„მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მეზობელი კი მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი). ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონღოლეთი „ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.
მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებდნენ.