ვწუხვართ, რომ მონღოლეთმა არ შეასრულა სტატუტის ნაკისრი ვალდებულებები ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით - ევროკავშირის საგარეო უწყება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მონღოლეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე მონღოლეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულები და არ აღასრულა დაკავების ორდერი.
„ევროკავშირმა ცნობად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მონღოლეთში 3 სექტემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის მიუხედავად. ევროკავშირი წუხს, რომ მონღოლეთმა, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფომ, არ შეასრულა სტატუტის ნაკისრი ვალდებულებები დაკავების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევოკავშირის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულია დაკავების ორდერი საერთაშორისო დანაშაულებისთვის, კერძოდ, დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ბავშვების სავარაუდო უკანონო დეპორტაციისა და უკანონო გადაყვანისთვის.
ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში ჩატარებულ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს რომის სტატუტის ყველა მონაწილე სახელმწიფოს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მონღოლეთში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს.