რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ, მათი მიწა არ გვჭირდება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ერთ ტერიტორიას მეორეზე არ გაცვლის.
„ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩვენი ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი მოქალაქეები.
მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ისინი ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულება ტერიტორიების მიმართ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრება დავნერგოთ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მესმის, რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მისთვის რთულია უკრაინის შემდეგი ნაბიჯების გახმოვანება.
მან, ასევე, არ უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა უკრაინა რუსეთის სხვა ტერიტორიების დაკავებას.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა შეინარჩუნებს ოკუპირებულ რუსეთის ტერიტორიას ვიდრე, საჭირო იქნება.
მისი განცხადებით, კურსკის ოპერაცია არის უკრაინის გამარჯვების დიდი გეგმის ნაწილი, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარებს.