ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ეფექტურობის კომისიას შექმნის, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს
დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შექმნის მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი პრეზიდენტი თანაშემწეებთან ერთად კვირების განმავლობაში განიხილავდა მთავრობის ეფექტურობის კომისიის იდეას.
ტრამპის განცხადებით, ილონ მასკი დათანხმდა აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელობას.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ იმუშავებს კომისია, თუმცა აღნიშნა, რომ შექმნიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებს გეგმას „თაღლითობისა და არასწორი გადახდების აღმოსაფხვრელად“.
„მე შევქმნი მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც დაევალება მთელი ფედერალური მთავრობის სრული ფინანსური და ოპერატიული აუდიტის ჩატარება, ასევე ყოვლისმომცველი რეფორმების რეკომენდაციების შემუშავება. როგორც უპირველესი პრიორიტეტი, ეს კომისია ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას თაღლითობისა და არასწორი გადახდების სრულად აღმოსაფხვრელად. ეს დაზოგავს ტრილიონ დოლარს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გასულ თვეში, პოდკასტში საუბრისას ილონ მაკსმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე დიალოგი ჰქონდა და დაინტერესებული იქნებოდა ამ კომისიაში მუშაობით.