„ვიმედოვნებ, ჩეხური მართლმსაჯულება თავის ადგილს მიუჩენს!“ - გიორგი გამსახურდია სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გურგენიძის დაკავების ფაქტს ეხმიანება
გიორგი გამსახურდია ჩეხი სამართალდამცველების მიერ სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლევან გურგენიძის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ქართულ-ჩეხური საფეხბურთო შეხვედრის გამოხმაურებას ვადევნებდი თვალყურს და ეს ნიუსი ამომივარდა... ვიცნობ, თან კარგად ლევან გურგენიძეს (კოლტუხჩევს), ყოველთვის ეს ადამიანი იწვევდა გონივრულ ეჭვებს, თავისი ქმედებებით და კითხვებით. მასზე არაერთხელ მისაუბრია საჭირო ადრესატებთან და ჩემი პოზიცია მქონია დაფიქსირებული. ძალიან კარგად ვიცნობ ჩეხ ხალხს, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ჩეხეთთან ზოგადად და ჩემ ჩეხ კოლეგებთან, რომელთა პროფესიონალიზმში მხოლოდ უმაღლესი შეფასებით მინდა შემოვიფარგლო. თავისთავად ცუდი ფაქტია, როდესაც ასეთი მაოხრებელი გზირი რაღაც დოზით ქართულ ასოციაციებს იწვევს...მაგრამ, იგორ გიორგაძის დაცვის უფროსის, გია ლორთქიფანიძის ძმა და მეგობარი, თავისთავად რუსული იმპერიალიზმის სამსახურში იქნებოდა.
წარმატება უმაგრეს ხალხს ჩეხეთის სამართალდამცავ ორგანოებში, ამ საქმეში და ზოგადად ყველაფერში! ამ ნაძირალას, ვიმედოვნებ, ჩეხური მართლმსაჯულება თავის ადგილს მიუჩენს!“, - წერს გიორგი გამსახურდია.