ოლაფ შოლცი ამზადებს უკრაინაში მშვიდობის ახალ გეგმას, რომელიც უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობასაც ითვალისწინებს - La Repubblica
იტალიური გაზეთი La Repubblica იუწყება, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკუთარ გეგმას ამზადებს. გერმანიის მთავრობასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, შოლცის გეგმა შესაძლოა, ახალი „მინსკის შეთანხმების“ მსგავსი იყოს და მოსკოვისთვის უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობასაც კი ითვალისწინებდეს.
იტალიური გამოცემის ცნობით, რეგიონულ და ევროპულ არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ, გერმანიის კანცლერს სურს „უკრაინული კარტის გათამაშება“ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების გზების ძიებისკენ მას ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიც“ უბიძგებს.
ცნობისთვის, მანამდე სატელევიზიო ინტერვიუში შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების განხილვის დრო დადგა. მისი აზრით, საჭიროა ახალი სამიტის ჩატარება უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად, რომელშიც რუსეთიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც გასულ კვირას შოლცს შეხვდა, ხოლო შემდეგ იტალიაში ჩერნობიოს ფორუმზე ჩავიდა, ასევე განაცხადა, რომ ამზადებს გარკვეულ გეგმას. მისივე თქმით, ამ გეგმას იგი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატს – დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გააცნობს.