წარმოუდგენელია, კეზერაშვილს ქოლცენტრების ბიზნესი საქართველოში „ქოცების“ გარეშე ჰქონოდა - იაგო ხვიჩია
წარმოუდგენელია, კეზერაშვილს ქოლცენტრების ბიზნესი საქართველოში „ქოცების“ გარეშე ჰქონოდა, ვფიქრობ, ახლა მისი შევიწროება მიზნად ისახავს საქართველოში ამ ბიზნესიდან მის განდევნას, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, მისგან სწორი იქნებოდა, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„ჩემი აზრით, კეზერაშვილმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს და დაასახელოს ის „ქოცები“, ვისთანაც წლების განმავლობაში ამ საქმეს აკეთებდა. მისგან ერთადერთი სწორი და მორალური გამოსავალი ეს მგონია. როგორ შეიძლებოდა, კეზერაშვილს ქოლცენტრების ბიზნესი საქართველოში „ქოცების“ გარეშე ჰქონოდა? – ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ახლა მისი შევიწროება მიზნად ისახავს საქართველოში ამ ბიზნესიდან მის განდევნას, რათა ამ ბიზნესს საბოლოოდ სრულად დაეპატრონოს „ქართული ოცნება“. ევროპელ პენსიონერებს რომ ძარცვავდნენ, ეს დადასტურებულია და ამის უარყოფა არ ხდება, მაგრამ ამას მარტო აკეთებდა თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებით? – ახლა მას ან ბაზრიდან განდევნის მიზნით ებრძვიან, ან ხალხის თავგზის ასაბნევად, რათა მათი ბრძოლა დამაჯერებელი იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.