„სასიკვდილო პროდუქცია“ - აშშ Temu-ს და Shein-ს წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
Shein და Temu, ორი ჩინური იაფი ელექტრონული კომერციის ვებსაიტი შეერთებული შტატების მთავრობის გამოძიების სამიზნეა.
ჩინურ კომპანიებს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გაყიდვაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაცია CNN- მა გაავრცელა.
აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიამ განაცხადა, რომ მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის პროდუქცია აშშ-ს უსაფრთხოების რეგულაციებს. კომისია მიუთითებს, რომ Temu-ს და Shein-ს ვებგვერდებზე ბავშვებისთვის საშიში იაფი პროდუქტები იყიდება.
Shein-ს და Temu-ს პოპულარობა სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში.
მათ პლატფორმაზე უამრავი დასახელების საქონელი იყიდება ავეჯიდან სამოსამდე და გაყიდული პროდუქციის დიდი ნაწილი ძალიან იაფია, რაც ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. ბევრი კითხვა ჩნდება, თუ როგორ ახერხებენ ჩინური ელკომერციის საიტები საქონლის ასეთ დაბალ ფასებში გაყიდვას.
შარშან აშშ-ს კონგრესის კომისიამ საკუთარ მოხსენებაშიც ჩაწერა, რომ Shein და Temu კავშირში იყვნენ ჩინეთში იძულებითი შრომის გამოყენებასთან, პროდუქტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან და ინტელექტუალური საკუთრების მითვისებასთან.
ცოტა ხნის წინ Grizzly Research-მა გაავრცელდა ინფორმაცია, რომ Temu უკანონოდ ყიდის ან აპირებს გაყიდოს დასავლეთის ქვეყნების მომხმარებლებისგან მოპარული მონაცემები.
Temu პოპულარულია საქართველოშიც. ვებ-საიტიდან პროდუქციას მომხმარებლები უმეტესად იწერენ დაბალი ფასის და იმის გამო, რომ სახლში მიტანის უფასო სერვისი აქვს.
ბევრმა მათგანმა იცის, რომ საიტზე ნაყიდი ნივთი შეიძლება იყოს უხარისხო, მაგრამ კომპანიის მიმზიდველი სარეკლამო შეთავაზებები უბიძგებს გარისკოს. ჩინური კომპანიის სტრატეგიაც ამაზეა გათვლილი, იცის, რომ ნივთს მყიდველი უკან აღარ დააბრუნებს, რადგან ის $10 -ზე ნაკლები ღირს.
„წინდები საშინელი ხარისხია, გადასაგდები სინთეტიკა, თუმცა რეიტინგი ჰქონდა და კარგი რევიუც”. „მაისურები ლამაზია მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის. მოკლედ ტანსაცმელს მე არასდროს გამოვიწერ. თუმცა, წვრილმანი რაღაცები ყველაფერი კარგია”. „ზოგჯერ მიღებული ნივთი რადიკალურად განსხვავდება ფოტოზე ნაჩვენებისგან. შეიძლება 2 ზომით დიდიც იყოს”. „საზაფხულო ფეხსაცმელში 43 ლარი გადავიხადე და აღმოჩნდა ნაგავი. ჩემი გამოცდილებით, ტანსაცმლის შეძენას არ გირჩევთ”. „უფასო ტრანსპორტირება და 10 დღეში ჩამოსვლის პერსპექტივა უფრო მომეწონა ამ აპლიკაციაში”- წერენ სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლები, რომლებმაც უკვე გამოიწერეს საიტიდან ნივთები.