ნაკრებში კარის მშრალად შენახვა პირველად ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ხვალაც კარგი მოგონებები დამრჩება - გიორგი მამარდაშვილი
"საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან ჩატარებული მატჩის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრინციპული მატჩის დროს გამჟღავნებული რესურსის გათვალისწინებით, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაც შეუძლია.
"რატომ გადავედი ქომაგებთან ჩეხეთთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო" - თქვა მამარდაშვილმდა და ხაზი გაუსვა, რომ ქომაგებს ქართველი სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია.
სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნები სავსე იქნება. თუმცა, ჩვენ წარმატებას მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
საქართველოს ნაკრების კარის მშრალად შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან კარგი მოგონებები დამრჩება.
წინა მატჩებში თანაგუნდელების შეტევაში თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
რატომ გადავედი ქომაგებთან ჩეხეთთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.