მისი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს რეპუტაციას - თეა წულუკიანი ლაშა ბაქრაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის გათავისუფლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, ლაშა ბაქრაძემ დისციპლინური წესით გათვალისწინებული არაერთი ნორმა დაარღვია.
"ბატონმა ლაშა ბაქრაძემ გააკეთა ისეთი განცხადება და ისეთი შეფასებები საკუთარ განცხადებაზე, რომელიც არის დისციპლინური წესით გათვალისწინებული არაერთი ნორმის დარღვევა; კერძოდ: ჩაითვალა, რომ მისი ეს განცხადება და ქცევები ხელყოფს მისივე, როგორც დიდი ტრადიციების მქონე მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას, საკუთრივ ამ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინსტიტუციის რეპუტაციას და, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს რეპუტაციასაც," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
3 სექტემბერს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ თქვა, რომ არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, “მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით.
"ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიში და იმ "ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს” - აღნიშნა მან.4 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არასწორი სიტყვა გამოიყენა.
"თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი" - თქვა ბაქრაძემ.