არ შეიძლება ჰიმნის დროს სტვენა - გიორგი მამარდაშვილი
"არ შეიძლება ჰიმნის დროს სტვენა, ეს არ მოგვეწონა არც მე და არც მთლიან გუნდს" - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ტირანაში, Air Albania-ს სტადიონზე მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას განაცხადა.
საუბარია, ფაქტზე, როცა ალბანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის გაჟღერების დროს სტვენა და ხმაური დაიწყეს.
ქართველმა სპორტსმენმა ჩატარებული მატჩიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, თამაში ტაქტიკურად რთული და დაძაბული იყო.
"არ შეიძლება ჰიმნის დროს სტვენა და ეს არ მოგვეწონა არც მე და არც მთლიან გუნდს. ასე რომ, მთავარია გავიმარჯვეთ. რაც შეეხება თამაშს, რთული თამაში გამოვიდა, ორივე გუნდი ტაქტიკურად ვიდექით და ჩვენს მომენტს ველოდებით, საბოლოო ჯამში გაგვიმართლა და ჩვენ გავიტანეთ'',- განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება - ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.
71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და 6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.