"უმისამართოდ იგინებოდი კანცელარიასთანო, ძაან მისამართიანად ვიგინებოდი" - პოლიციელების მიერ ნაცემი ელისაშვილი დააჯარიმეს
მოსამართლის მიერ, 12 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. საქმე ეხება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს დაკავებასა და ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით 2 000 ლარიან ჯარიმას.
გადაწყვეტილების დადგენილება ელისაშვილის ადვოკატს პარასკევს ჩაბარდა.
ეს მაშინ, როცა დეპუტატი ელისაშვილი იმავე ღამეს, სამართალდამცველების მხრიდან, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"პირდაპირ ეთერში, კამერების წინ 20 პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა და არც ერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ არის, არც ერთი მათგანის წინააღმდეგ ბრალი არ არის წარდგენილი, ნუ დაკავებაზე არაფერს ვლაპარაკობ და აქეთ დამაჯარიმეს უმისამართოდ იგინებოდი კანცელარიასთანო. რა თქმა უნდა, იმედი არა მაქვს რომ მურუსიძის დუქანში რამე სამართალს ვიპოვი , ფორმალურობაზე ვინმე რომ არ მოგვედავოს ამას ასაჩივრებთ. არანაირად უმისამართოდ არ ვიგინებოდი , ძაან მისამართიანად ვიგინებოდი. მერე მეორე - ჩემი გინება 2 000 ლარი ღირს და ისინი რომ მირტყამდნენ პარლამენტის წევრს, იმუნიტეტი რომ მიცავს, ეს არაფერში არ ითვლება?", - ამბობს ელისაშვილი "ფორმულასთან".
ელისაშვილმა დაასახელა უშუალოდ ის პოლიციელიც, ვინც მასზე იძალადა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
ამ დრომდე გამოუძიებელია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრზე, გია ჯაფარიძეზე თავდასხმა, რომელიც 4 თვის წინ მოხდა. ჯაფარიძემ და გაერთიანების წევრმა, ლაშა ტყეშელაძემ დღეს შსს-სთან განცხადება გააკეთეს.
ოპოზიციის ლიდერი პროკურატურამ დაზარალებულადაც ცნო, თუმცა თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცის მათი ვინაობა, თუმცა არ სურს დაკავება და არაა გამორიცხული, ამნისტიაც შეახოს:
"დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩემზე იყო თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მე ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს მეუბნება ახალს. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და მეტიც, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა შერჩევითი ამნისტიის განხორციელება, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ.
ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია", - ამბობს ჯაფარიძე.