"აშშ-ის 95 მილიონიანი დახმარების დაპაუზება, სეისმური მონიტორინგის ცენტრს არ შეეხება" - თეა გოდოლაძე
შეერთებული შტატების შეჩერებული 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის იყო განკუთვნილი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს არ შეეხება - ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება მიიღეს:
"ილიას სახელმწიფო უნივევრსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან ა.შ.შ. -ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვ ქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.
ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ," - წერს თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, გოდოლაძემ 9 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეუჩერა.