კობახიძე: საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო კომპანია 1.5 ლარად ჩაიბარებს
პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო კომპანია 10-მდე ლოკაციაზე საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 10-მდე ლოკაციაზე 1.5 ლარად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1.5 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარებული, მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1.5 ლარსა და მიღებულ თანხას შორის" - თქვა კობახიძემ.
მთავრობა რთველს, გასული წლების მსგავსად, წელსაც ასუბსიდირებს. ირაკლი კობახიძე 2024 წლის რთველთან დაკავშირებით ამბობდა, რომ მთავრობა 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს შეიძენს და გადაამუშავებს.
"შესყიდული 1კგ ყურძნის სანაცვლოდ, მის ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 20 თეთრს შეადგენს" - ამბობდა კობახიძე.