თეგებით ძიება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„კანონში შესატან ცვლილებებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითად მიზანს იმ პრაქტიკული პრობლემის მოგვარება წარმოადგენს, რაც დაკავშირებულია როგორც იარაღის ნებართვის გაცემასთან, ასევე მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია იარაღის ნებართვის გაცემა იმ პირებისთვის, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით, თუმცა პრაქტიკამ შემდეგი სირთულე გამოავლინა - ნებართვის გაცემის დროს პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა მოაქვს, თუმცა შემდგომ ეტაპზე თუ ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვლება, ამის კონტროლის მექანიზმი ფიზიკურად არ არსებობს.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება, სადაც სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებიდან ასეთი დაავადებების მქონე პირთა მონაცემები შეგროვდება. აღნიშნული ბაზა შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწვდის და თუკი პირზე უკვე გაცემულია იარაღის ლიცენზია, მისი შეჩერება მოხდება, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ინფორმაციის მიღებიდან 48 საათში, სამინისტრო პირს ლიცენზიას შეუჩერებს და იარაღს ჩამოართმევს.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი გააცნო, რომელიც 12 კანონპროექტისგან შედგება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა, რომელიც კომიტეტის მხრიდან დადებითად შეფასდა“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა