არჩევანი უნდა გავაკეთოთ ოჯახების გაერთიანების, ევროპის, უსაფრთხოების სასარგებლოდ - გვარამია
ბოლო 7 თვის განმავლობაში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ანუ მძიმედ ნეგატიური დინამიკაა. 2020-2023 წლებში საქართველოში 26 450 ადამიანით მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. ამას გარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოდან გავიდა 157 ათასი ადამიანი და არ დაბრუნებულა. 2022 წელს 14 წლამდე 10 ათასი ბავშვი გავიდა საქართველოდან და არ დაბრუნებულა. ეს აჩვენებს, რომ საქართველოდან მიდიან [...] მთელი ოჯახები ბავშვებიანად. სკოლების 42%-ში 100 ან ნაკლები ბავშვია.
26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ოჯახების გაერთიანების სასარგებლოდ, შობადობის მიერ სიკვდილიანობის დამარცხების სასარგებლოდ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ბედნიერების, ევროპის, უსაფრთხოების და წარმატებული ცხოვრების სასარგებლოდ. ქვეყანა დაცლილია, ემიგრაცია ანადგურებს ქართულ ოჯახებს. ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ოჯახის სიწმინდედ და პატივისცემად დაშლილი ოჯახი მიაჩნია.
ჩვენ ვაპირებთ ამის შეცვლას კოალიცია ცვლილებისთვის , 26 ოქტომბერს მოგიწოდებთ მოხვიდეთ და მოგვცეთ ხმა ჩვენ, თუ ჩვენ არა მაშინ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. მოდით არჩევნებზე და შეცვალეთ. თუ მოდიხართ არჩევნებზე ქართული ოცნება მარცხდება. თუ არა რჩება ის ტენდენცია რომელიც გვაქვს - ქართველი ერის მილევად რეჟიმში ყოფნა, რაც დასრულდება მისი საბოლოო გაქრობით, და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამარცხებით. ჩვენი სახელმწიფო ვერ დაამარცხა ვერც შაჰ-აბასმა, ვერც მურვან-ყრუმ, ვერც აღა მაჰმად ხანმა, ვერც რუსეთის იმპერიამ, ნუ დავამარცხებინებთ მას ბიძინა ივანიშვილს.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.