ჩვენი დათვლებით, „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს - გიორგი ვაშაძე
„ქართული ოცნება“ მარცხდება და ქართველი ხალხი იმარჯვებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი დათვლებით „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს.
ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სიღატაკეს და იზოლაციას ხმას არავინ მისცემს.
„ცალსახად, „ქართული ოცნება“ მარცხდება და ქართველი ხალხი იმარჯვებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი დათვლებით „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს. მეტს ვერ აიღებს, რადგან ამ ანტიქართულ დაჯგუფებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი განწყობა არის მკვეთრად ნეგატიური. დარწმუნებული ვარ, რომ სიღატაკეს და იზოლაციას ხმას არავინ მისცემს. ამიტომაც იქცევიან ძალიან აგონიურად, ტყუილს ტყუილზე იგონებენ, ვერ აყალიბებენ კამპანიას, რადგან მათი ტყუილები 1 საათში კვდება. საზოგადოებამ უკვე ისწავლა მათი ხელწერა. ვფიქრობ, რომ ახლა თავის მართლების რეჟიმში გადავიყვანეთ, რადგან მათ ნამდვილად აქვთ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუ რატომ ბლოკავენ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს მიღებას“,- განაცხადა ვაშაძემ.
მისვე შეფასებით, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას“ შანსი აქვს არჩევნებზე 30%-ზე მეტი აიღოს.
მისი თქმით, აპირებენ შექმნან კოალიციური მთავრობა ყველა ოპოზიციურ ძალასთან.
„რაც შეეხება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ის იზრდება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა შანსი გვაქვს, რომ 30%-იან ნიშნულს გადავაჭარბოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ ადგილზე გავიდეთ. კოალიციის შექმნას ვაპირებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან“, - განაცხადა ვაშაძემ.