საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ - ივანიშვილი
„საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ასეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და შიდა ქართლში შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.
„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:
პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა - ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე იმ სხვა მნიშვნელოვან პუნქტებზე ისაუბრა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებენ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ასახავენ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დაიცავენ.
ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება.
„ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ;საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.