თეგებით ძიება

გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშორონ - მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას მატერიალურ სიმდიდრეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა ვიცხოვროთ უფლის რწმენის ძალით.

„უფალი ხშირად საუბრობს ხატოვნად, იგავური ფორმით. ამიტომ მისი გამონათქვამების ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არასწორია, არ უნდა გვესმოდეს ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ბევრად უფრო ღრმა და ფართო მნიშვნელობით. ამ შემთხვევაშიც ასეა: როდესაც იგი საუბრობს სიმდიდრესა და სიმდიდრის უარყოფაზე, ამ სიმდიდრეში იგი არ გულისხმობს მხოლოდ ფულს და მატერიალურ ქონებას, რადგან სიმდიდრე შეიძლება იყოს არამატერიალურიც. ე.ი. ფულის და ქონების გარდა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის სიმდიდრეებიც. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობა ან საზოგადოებრივი მაღალი მდგომარეობა, ცნობადობა. ზოგისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის პატივი. სხვებისთვის შეიძლება ეს იყოს განსწავლულობა, განათლებულობა, კულტურულობა, ცოდნა, თუ გნებავთ და ა.შ.

და რა, განა უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ და გავხდეთ უკულტურონი, გაუნათლებლები და უარი ვთქვათ ცოდნაზე? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაშ, როგორ გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი დღევანდელ სახარებაში სიმდიდრეზე უარის თქმის შესახებ?

საქმე ისაა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველგვარ სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქცევა წინაღობად ღმერთსა და ადამიანს შორის. ე.ი. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ასეთ სიმდიდრეებზე უარი ვთქვათ. გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშორონ. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ამაზე, ჩვენი გული სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ასეთი სიმდიდრისგან.

აი, ამას ეუბნებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ მდიდარ ჭაბუკს, მაგრამ მისთვის სიმდიდრე იყო ყველაზე დიდი ფასეულობა ცხოვრებაში. ამიტომაც იგი დამწუხრდა, თავისი სიმდიდრე ამჯობინა ქრისტესთან ყოფნას და განშორდა, გაეცალა მას.

შემდეგ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „ძნელად შევა მდიდარი ცათა სასუფეველში. უფრო ადვილად გაივლის აქლემი ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მთ. 19:23-24). მოციქულებმა გაკვირვებით ჰკითხეს: „კი, მაგრამ, თუ ასეა, ვინღა ცხონდება მაშინ, ვის შეუძლია რომ ცხონდეს?“ (მთ. 19:25). და ეს შეკითხვა ყოველ ჩვენგანსაც შეიძლება დაებადოს: როგორ შეიძლება ჩვენ სული ვიცხონოთ, როცა ამდენი რამ მომეთხოვება და მე ამ ყველაფრის შესრულება არ ძალმიძს? და მაცხოვარი მიუგებს, რომ „შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის“ (მთ. 19:26). შესაძლებელია ჩვენი მხსნელისთვის, რომელიც არის სიყვარული და რომელიც ყოველთვის მზადაა, მოწყალების ხელი გამოუწოდოს ყოველ ცოდვილს, რადგან იგი ამისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე, მიიღო ეს მიწიური ცხოვრების ყოველგვარი საშინელება, თვით გოლგოთაზე ჯვარცმამდეც კი.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და სიტყვები, რომ ,,შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის” – ძალიან გვანუგეშებს და გვაძლიერებს. ამიტომ ვეცადოთ, ვიცხოვროთ უფლის რწმენის ძალით, რომელიც გვაცხონებს და შეგვიყვანს ცათა სასუფეველში, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოით მამით, ყოვლადწმინდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ილოცება შემდეგი გვარები: ფცქიალაძეები, ქუთელიები და ჯახველაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ”,- აღნიშნა მეუფე შიომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა