დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს ემსახურება - მამუკა ხაზარაძე
ხაზარაძის განცხადებით, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ერთდროულად „დავამყარებთ მშვიდობასაც და ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, არა წინასაარჩევნოდ, არამედ, როდესაც ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს".
„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, მე არ ვარ ჯენზის თაობა, არც ჯენზის მსგავსად შემიძლია საუბარი, მაგრამ შემიძლია მოვისმინო და თქვენთან ერთად მივიღო გადაწყვეტილებები და პრობლემების გადაწყვეტაზე ვიმუშაო - თქვენთან ერთად. თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც ჩემზე მეტი წელი იცხოვრებთ საქართველოში და მინდა, რომ მომავალ საქართველოში ის მომავალი, ის ცხოვრება გქონდეთ, სადაც მყარად იქნებით ფეხზე, სადაც სამშობლოში გექნებათ პერსპექტივა - აქ დასახლდეთ, აქ ისწავლოთ და მუდმივად იამაყოთ თქვენი საქმიანობით, თქვენი კარიერით თქვენი პროფესიონალიზმით და საქართველოს დროშით.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, დღეს გვყავს ხელისუფლება, სამწუხაროდ, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც „ქართული ოცნების" ლიდერი მადლობას უცხადებს რუსეთს და შეურაცხყოფა აყენებს ყველა გმირ ახალგაზრდას და ყველა იმ მეომარს, რომელმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი დადო. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ჩვენ ყოველთვის, ერთდროულად მშვიდობასაც დავამყარებთ, ერთდროულად ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ მოხდება წინასაარჩევნოდ, ეს მოხდება, როდესაც ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს", - აღნიშნა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ ახალგაზრდებს მიმართა, რომ სწორედ ისინი არიან ხმა, რომელიც უნდა გადაიქცეს საქმედ.
„რომ გიყურებთ ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა და ძალიან დიდი იმედის ნაპერწკალი არის ჩემში. იმიტომ, რომ ვხედავ ჩვენი ქვეყნის მომავალს.ვხედავ იმ ძალას, რომელმაც უნდა იცხოვროს მომავალ საქართველოში, ძლიერ საქართველოში, მაგრამ მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ მე გესაუბროთ, მოვედი ჩემ მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ მოგისმინოთ თქვენ, რადგან თქვენი ხმა არის ის ხმა, რომელიც ყველამ უნდა გავიზიაროთ და თქვენთან ერთად გადავაქციოთ ეს ხმა საქმედ", - განაცხადა ხაზარაძემ.