მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას ლგბტ დროშით უდგას სათავეში - გურამ მაჭარაშვილი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, „რაც უფრო მეტად ჩამოვა მიხაილ როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მმართველი გუნდის რეიტინგი მით უფრო გაიზრდება“.
„რა თქმა უნდა, შეხვედრაზე საუბარი არ არის, როდესაც ოფიციალური პირი ასეთ რამეს ბედავს და, სამწუხაროდ, მაღალი თანამდებობის მქონე პირი. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოდან რომ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, ქართულ ეკლესიას, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უმრავლესობამ აირჩია, რა შეხვედრაზეა საუბარი? საუბარი იმაზეა, რომ რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. ეს არის მოცემულობა, იმიტომ, რომ ქართული იდენტობა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე, ისევე როგორც ევროპული ღირებულება და კულტურაა დაფუძნებული ქრისტიანულ კულტურაზე. ამით ვართ ჩვენ ევროპულ კულტურასთან და ღირებულებებთან თანხვედრაში.
მიხაილ როთი სხვა სამყაროს წევრია და, შესაბამისად, ვერც ის და ვერც მისი მიმდევრები შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ ქართულ ეკლესიას. როთი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია ეთანხმება მიხაელ როთს, რომელიც არის ლგბტ დროშით და ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ეროვნული დროშით ხელში წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხომ ვამბობდით, რომ ასე იქნებოდა? ოპოზიცია იქნებოდა მიხაილ როთთან ერთად ლგბტ დროშით და ჩვენ ვიქნებოდით ეროვნული დროშით. ასეც მიდის წინასაარჩევნო კამპანია…
მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს „გაელგებეტებას“ ლგბტ დროშით და ჩვენ გვინდა ტრადიციების დაცვა ეროვნული დროშით. 26 ოქტომბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.