ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობის იმედი აქვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ უნდა „გამონახოს ძალა“, რომ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადოს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ცეცხლში გახვია ოსი დები და ძმები“.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პირდაპირ არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება თუ გამყარებულია შერიგებისკენ რეალური ნაბიჯებით, წარსულის შეცდომების გადაფასების საფუძველზე და ბოდიშის მოხდით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმით და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით, შეიძლება იყოს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი. ბატონი ივანიშვილის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასების და შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ჩვენს ურთიერთობებში“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილი „უფრო გულწრფელია თავის განზრახვებში და იპოვის სწორ სიტყვებს აფხაზ ხალხთან მიმართებაში, რომელიც ამჯერად არ იქნება დაშორებული საქმეს და დასრულდება საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერით აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის გარანტიებით“.