დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია - მამუკა მდინარაძე
ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. და დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა – ერთია ომი, მეორეა ურთიერთპატიება, ხოლო „ქართული ოცნება“ ირჩევს ურთიერთპატიების გზას.
„იმ ადამიანებმა, ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ, კარგად უნდა გააცნობიერონ, რას დაუპურისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს ამ ბინძურ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში, და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის, გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილები, თითქოს ვინმე ამბობს, ოკუპანტს, მკვლელს ან მწამებელს ვინმემ ბოდიში უნდა მოუხადოს. უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები, თუ როგორც ისინი ამ სამი დღის განმავლობაში ასე ბინძურად აკეთებენ, ისინი არიან დამნაშავეები. დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი. და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილი ქართველი მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლო-ბოლო. ქვეყნის გაერთიანების იდეის და ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება. ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია ურთიერთპატიებისთვის. ბოლო-ბოლო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ვეფხის და მოყმის ქვეყანა, ძეგლი დავუდგით და ჩვენ გვაქვს შერიგების მინისტრის ინსტიტუტი. ესენი რომ მიუშვა, ერთსაც გააუქმებენ და მეორე შეიძლება, საერთოდ აიღონ. როცა ყოფნის ვიღაცას ვაჟკაცობა, მათ შორის პოლიტიკური გამბედაობა და ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ, მათ თავისზე, აქ ქართველებზე, ოსებზე და აფხაზებზეა ლაპარაკი და არა მკვლელებზე, სადისტებზე, ოკუპანტებსა და მწამებლებზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ, თორემ სხვა შემთხვევაში არ დასჭირდებოდათ მათ ტყუილების თქმა, აქ რომ იტყუებიან – რუსებს მოვუხადოთ ბოდიში? ან ანწუხელიძის მკვლელებს მოვუხადოთ ბოდიში? საიდან მოიტანეს ეს. როგორ აკადრეს ან ანწუხელიძის სახელს და გვარს, ან ჩვენს გმირებს, მაგრამ აკადრეს. იცით, რატომ? თავის დროზე აკადრეს, ომის დანაშაული დააბრალეს, ეს აკადრეს ომიდან ორ თვეში და ამიტომ აკადრეს დღეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.