თეგებით ძიება

რისკი არსებობს, მაგრამ უკრაინელები ძალიან ნიჭიერები არიან - იენს სტოლტენბერგი კურსკის ოპერაციაზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Foreign Policy-თან ინტერვიუში კურსკის ოპერაციაში უკრაინის წარმატებები შეაფასა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, ისინი მის საომარ გეგმებზე არანაირ გავლენას არ ახდენენ და უკრაინელები ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

„ნატო და ნატოს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. სამხედრო მხარდაჭერის 99% მოდის ნატოსა და ნატოს მოკავშირეებისგან. ჩვენ მათ ვაძლევთ რჩევებს, ვეხმარებით წვრთნებში, მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ომში. ჩვენ არ ვმართავთ უკრაინელ სამხედროებს. რთული გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციამ აჩვენა უკრაინული ჯარების მოქნილობა და შეტევითი შესაძლებლობები, ასევე, დიდი დანაკარგები მიაყენა რუსეთის ჯარებს და უკრაინელების მორალი აამაღლა.

„რა თქმა უნდა, ომში ყოველთვის არის რისკი და გაურკვევლობა, ამიტომ, მე ვიქნები ძალიან ფრთხილი, როდესაც განვიხილავ, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი უახლოეს კვირებსა და თვეებში. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინელები ძალიან ნიჭიერები არიან“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.

მან გაიხსენა, რომ ომის დასაწყისში იყო მოსაზრება, რომ რუსეთი რამდენიმე დღეში კიევზე, რამდენიმე კვირაში კი უკრაინაზე კონტროლს მოიპოვებდა, მაგრამ უკრაინამ ამას არამხოლოდ გაუძლო, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც კი შეიჭრა. 

„ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების და რთულ ბრძოლის ველზე მათი გადაწყვეტილებების ნდობა დიდი გაურკვევლობის პირობებშიც კი“, - დაასკვნა სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა