ბოდიში მოსახდელი აქვს არა ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოღალატეებს! - „ძლიერი საქართველო" განცხადებას ავრცელებს
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გმობს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის და სეპარატისტი კოკოითის ერთობლივ პოზიციას, რომელიც წარმოადგენს კრემლში დაწერილი სცენარის ნაწილს და არის ქვეყნის ინტერესების ღალატის გაცხადებული აქტი!
სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ბოდიშის მოხდის შესახებ წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები.
საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, რომლის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ხოლო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ პოლიტიკის აღსრულების მნიშვნელოვანი მონაწილეები.
ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთს!
სწორედ რუსული გეგმის გამხმოვანებელია ბიძინა და თავისი გუნდი და ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ იგივე რუსული ნარატივი გაჟღერდა დღეს სეპარატისტი ლიდერის, კოკოითის მხრიდან.
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენის გამო ყიდის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ღიად აცხადებს. მათ მიერ გამოცხადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება სწორედ ამას გულისხმობს და ეს აღარავისთვის არ არის საიდუმლო.
"ქართულ ოცნებას" მოუწევს ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს ამ სამარცხვინო, რუსული განცხადებების გამო. ბოდიში მოსახდელი აქვს არა ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოღალატეებს. ბიძინა ივანიშვილი 27 ოქტომბერს გაიქცევა მოსკოვში!
26 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს ძალა, რომელიც ემსახურება საქართველოს.
სწორედ ევროპული და განვითარებული საქართველო არის გზა ქვეყნის გამთლიანებისა.
საქართველო განთავისუფლდება რუსული ზეგავლენისგან და გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ესაა ის, რასაც "ძლიერი საქართველო", ნომერი 9, პირდება ქართველ ხალხს.