თეგებით ძიება

პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერიამ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ხუთი წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70 პროცენტია.

„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის.

„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით.

„მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება,  მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორის, ჭაბურღილის ბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა - ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელდება შემდეგ კოლეჯებში: „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი  „სპექტრი"; პროფესიული კოლეჯი  „იკაროსი"; კოლეჯი „მერმისი“; „სქილვილ ედუქეიშენ“; „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“; „პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po“; „ედუსითი გეო“; „ფანტასმაგორია“; „გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაწევისა და ქროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) თბილისის ფედერაცია; „სქილ ლაბი“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა