თეგებით ძიება

იმედი მაქვს, ხაზარაძე-გახარიას საშველი დაადგებათ და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ პოლიტიკურ საქორწილო კამაპანიას, პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება - იაგო ხვიჩია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პოლიტიკური საქორწილო დრამა არავის მოუწყვია. ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად სხვადასხვა არგუმენტით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობ, ამდენი ინსტიტუცია იყოს ჩარეული, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს და შენ კიდევ ერთი დღე მოითხოვო, მაშინ, როცა ნიშნობის ბეჭედს ელოდება შენს თითებზე, ეს არაფერში წერია, თავისი შინაარსით ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს საშველი დაადგებათ და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ ამ პოლიტიკურ საქორწილო კამაპანიას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ურჩევდა, ძველი წყენები აღარ გაიხსენონ.

"ხშირად არის რომანტიულ ურთიერთობებში შემთხვევა, როდესაც წარსულ წყენებს ივიწყებ, არ იხსენებ და შემდეგი კონფლიქტისას წამოაძახებ, მაგრამ ამას ჩვენს წყვილებს არ ვურჩევდი. მოდით, ძველი ამბავი იყოს დამთავრებული და ვუსურვებ წარმატებულ ქორწინებას. პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება ასეთი გარიგებიდან. შესაბამისად, სხვისი დავალებაც არ არის საჭირო, თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ საშურ საქმეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის სასახლეში მისვლამდე ხაზარაძესა და გახარიას შორის შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება მათ გაერთიანებაზე ჯერ მიღებული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო, ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა