მაჭარაშვილი ხარებასა და ლაგაზაურის სანქცირებაზე: თავხედური გადაწყვეტილებაა
ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი აშშ-ს მიერ შსს-ს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილისა და მის ერთ-ერთ მოადგილის, მილერი ლაგაზაურის დასანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მაჭარაშვილი ირაკლი კობახიძისა და აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრასაც გამოეხმაურა.
"აშშ-ს ელჩის მიმართ ირაკლი კობახიძის სიტყვები არის ქართველი ხალხისა და საქართველოს გამოძახილი აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის ყოვლად არასამართლიან, შეურაცხმყოფელ და თავხედურ გადაწყვეტილებაზე, როცა ისინი ასანქცირებენ იმ ქართველ პოლიციელებს, რომლებიც საქართველოში მშვიდობასა და მართლწესრიგს იცავენ [...] მაშინ, როცა აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, თურმე შეიძლება, რომ ადამიანებიც მოკლა და ასობით პირს სამუდამო პატიმრობა შეუფარდო იმ მოტივით, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა არ შეიძლება და საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა რომ გქონდეს, პარლამენტის კარი დაანგრიო, ცეცხლი მოუკიდო და ფანჯრები ჩაამტვრიო - და ეს რომ დაიცვას პოლიციელმა, ამისთვის უნდა დაასანქცირო. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ვასალური დამოკიდებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობთ [...] თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მოგვიწევს, ამ ურთიერთობებს გადავხედოთ". - თქვა მაჭარაშვილმა.
გუშინ, 17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო "შეშფოთება გამოთქვა".
"[კობახიძემ] აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.