26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი თბილისი იქნება ქალაქი საცობების გარეშე - ჯაფარიძე
ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში, შემოვლითი რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთთან. ეს არის პროექტი, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივად გააჩერა.
ეს არის პროექტი, რომელსაც თბილისი, ჩვენი ქალაქი უნდა ეხსნა საცობებისგან. ეს არის პროექტი, რომელსაც უნდა ეხსნა ჩვენი ქალაქი იმ ეკოლოგიური კატასტროფისგან, რა კატასტროფის წინაშეც დგას ჩვენი ქალაქი და ვდგავართ ყოველდღიურად ჩვენ და ჩვენი შვილები.
ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ წუთებში ათასობით ჩვენი მოქალაქე ოჯახებით საცობებში იმყოფებიან. დაიწყო სწავლა და ჩვენი შვილები დღის უდიდეს მონაკვეთს სწორედ საცობში ატარებენ.
მე, როგორც სამი შვილის დედას, სამწუხაროდ, ჩემი შვილებისთვის ძალიან ბევრ აქტივობაზე უარის თქმამ მომიწია სწორედ იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს ქალაქში, ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, თბილისში გადაადგილება.
მაგრამ მე გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ აუცილებლად ამ პროექტს დავასრულებთ. აუცილებლად ჩვენი ქალაქი, თბილისი იქნება ქალაქი საცობების გარეშე. ჩვენი ქალაქი იქნება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, სადაც ჩვენი შვილების გარეთ გამოყვანა არ შეგვეშინდება და ჩვენი ქალაქი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი.
ჩვენ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება გვიწევს: ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში.
დიახ, ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, ჩვენ ვირჩევთ ევროპულ დედაქალაქს, ჩვენ ვირჩევთ ქალაქს საცობების გარეშე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქს.
თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ.