სროლა მოსკოვში - 1 დაღუპული და 2 დაშავებული
მოსკოვის ცენტრში კომპანია Wildberries-ის ოფისის შესასვლელთან სროლა იყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
მანამდე კი, გაერთიანებული კომპანიის Wildberries and Russ-ის პრესსამსახურმა TASS-ს განუცხადა, რომ ონლაინ საცალო ვაჭრობის თანამფლობელმა ვლადისლავ ბაკალჩუკმა დაცვასთან ერთად ოფისში შესვლა სცადა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ლოკაცია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, 20-30 კაციანმა ჯგუფმა ბიზნესცენტრის შესასვლელთან მინის მსხვრევა დაიწყო, რასაც საპასუხოდ სროლა მოჰყვა.
როგორც Wildberries-ის პრესსამსახურმა აღნიშნა, პირველად ცეცხლი ვლადისლავ ბაკალჩუკის თანმხლებმა შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს.
„ერთდროულად ორ კომპანიის მისამართზე უკანონოდ შეღწევის მცდელობა განხორციელდა“, - ამბობენ კომპანიაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
საგამოძიებო კომიტეტმა სროლის გარემოებების გარკვევა დაიწყო.