თეგებით ძიება

თუ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ შეძლო მეოთხე ვადით დარჩენა, დაიწყება ავტორიტარიზმის გაღრმავება და რეპრესიები - ლევან ლორთქიფანიძე

„თუ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ შეძლო მეოთხე ვადით დარჩენა, დაიწყება ავტორიტარიზმის გაღრმავება და რეპრესიები“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია არის წმინდა წყლის პოპულიზმი. საკონსტიტუციო უმრავლესობას მოქმედი კანონმდებლობით სჭირდება ¾ ანუ 75% და არა 60%. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ უტოპიაა, მათ მოუწევთ ბრძოლა უბრალო უმრავლესობისთვისაც კი. ის მიზეზი, რომ ამგვარი უმრავლესობა მათ ქვეყნის გაერთიანებისთვის დასჭირდებათ, უსაფუძვლოა, რადგან არ არსებობს ისეთი დეპუტატი, რომელიც ასეთი შანსის შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს საჭირო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ივანიშვილის ბოდიშს, გორში, ერთ პიროვნებას, მით უფრო პარტიის საპატიო თავმჯდომმარეს არ აქვს უფლება სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოიხადოს. ასეთ დროს უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, ექსპერტებმა განიხლონ საკითხი, მიღწეულ იქნას საზოგადოების კონსესნსუსი და ხელისუფლებამ განაცხადოს ამის შესახებ. გვაქვს თუ არა მოსახდელი ბოდიში ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, ეს საკითხი შესასწავლია და ასეთი ზედაპირული განცხადებები დამაზიანებელია“, - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.

„ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ იმდენად არაადეკვატურია, რომ ვეჭვობ რამდენად შეუძლია რეალობის აღქმა, თუმცა ზოგადად ჭკვიანი კაცია. მისი რიტორიკა გათვლილია „ქართული ოცნების“ მომხრეების მაქსიმალურ მობილიზაციაზე, რათა როგორმე 45%-ს გადასცდეს და ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს მთავრობა. გახარიასა და ლელოს პარტიების გაერთიანებაში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გვერდზე გადადონ ამბიციები. თუ ისინი ამოვლენ პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებიდან, მაშინ შესაძლოა შეიქმნას სინერგია და მიაღწიონ წარმატებას. რაკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საჭიროა უფრო მეტი გამსხვილება, ვფიქრობ უნდა ვენდოთ. რადგან მან ბევრი იცის, გამომდინარე როგორც მისი კვალიფიკაციიდან ისე მისი პოსტიდან. პრეზიდენტი დიდ ინფორმაციებს ფლობს, ასევე აქვს პირდაპირი კონტაქტები დასავლეთთან“, - აცხადებს ლორთქიფანიძე TIA.GE-სთან და იქვე დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში არ გამორიცხავს ქვეყანაში რეპრესიებს და ავტორიტარიზმის გაღრმავებას.

„მეეჭვება მმართველმა პარტიამ სამართლიანი გზით შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება, ყველაზე ცუდ სცენარში თუ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მეოთხე ვადით დარჩენა დაიწყება ავტორიტარიზმის გაღრმავება და რეპრესიები...“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა