"კომპლექსები ჰქონდა, სულ ცდილობდა ისეთ ადგილებში წავსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა" - კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე
გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია.
კესარიას მეგობარი ვანიკო კარელიძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ჯაიანს პირადად იცნობდა. ტოქსიკური ურთიერთობის გამო, წყვილი ხშირად შორდებოდა ერთმანეთს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რიგდებოდნენ.
რა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ ბინაში და რა უძღვოდა მკვლელობას წინ, დეტალებზე მოკლულის მეგობარი გვესაუბრება.
- როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ, ბოლოს როდის ესაუბრეთ კესარიას?
- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ვსაუბრობდით, დღეში ოთხჯერ-ხუთჯერაც კი. იმ დილასაც რაღაც გამომიგზავნა, მომხდარს არ შეეხებოდა. შემდეგ მთელი დღე აღარ შემხმიანებია. საღამოს, ფოტო გამოაქვეყნა შეყვარებულთან ერთად, ვიცოდი, რომ დაშორებული იყო მასთან, მაგრამ არ დავურეკე, ვიფიქრე, რომ მარტო არ იქნებოდა.
- არ გაგიკვირდათ, ეს ხომ პირველი საჯარო ფოტო იყო ბექა ჯაიანთან ერთად?
- დიახ, პირველად გამოაქვეყნა, ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და მან დაადებინა. ორი წელი ერთად იყვნენ. ორი კვირის წინ ჩვენ სამნი ერთად ვიყავით აუზზე, ვიდრე დაშორდებოდნენ.
- ამბობენ, რომ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ბექა ჯაიანი მოძალადე იყო?
- დიახ, ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ არასოდეს უთქვამს კესოს, რომ სცემდა. თუმცა ერთხელ შევნიშნე, რომ ყელთან ჩალურჯება ჰქონდა, მითხრა, რომ ძლიერად მიჩქმიტაო. როგორც მივხდი, ერიდებოდა ჩემთან ამაზე ლაპარაკს, ვეტყოდი, შეეშვი, დაანებე თავი - მეთქი. მათი ურთიერთობის მომხრე არ ვიყავი, სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
- ეჭვიანობდა?
- დიახ, სადმე რომ ვიყავით, არ ასვენებდა, სულ ურეკავდა. ვეუბნებოდი ხოლმე გათიშე საერთოდ ტელეფონი-მეთქი. თითქმის ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა.
- ამბობენ, რომ სახლში ჩაკეტა და გასვლის უფლებას არ აძლევდაო...
- ჩემთან ერთად უშვებდა, მეც მივდიოდი მასთან. ღამის კლუბებში არ უშვებდა.
- არ მალავდა კესარიასთან ურთიერთობას?
- ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ.
- დაკავებულის მეგობრებმა იცოდნენ მათ შესახებ?
- კი, როგორ არა.
- ამბობენ, რომ ნიშნობასაც აპირებდნენო.
- ბოლოს რომ იჩხუბეს, კესომ უთხრა, ვიდრე არ გაოფიციალურდება ჩვენი ურთიერთობა, უნდა დავშორდეთო. მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო.
- კადრებში ჩანს, რომ პარკით რაღაც მიაქვს, შესაძლოა სასმელიც, რადგან მკვლელობის ადგილას მაგიდაზე სასმელი ჩანს. როგორ ფიქრობთ, დაგეგმილი ჰქონდა მკვლელობა?
- ვერ გეტყვით, არ უყვარდათ არცერთს დალევა. ხშირად დავდიოდით ერთად, ხშირად იყო ბექაც ჩვენთან ერთად და რომ ვთქვა, სასმელის ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა, გამოვრიცხავ.
- როგორც თქვენი საუბრიდან ვხვდები, კესოსთან ურთიერთობას არ მალავდა...
- კი, მაგრამ კომპლექსები ჰქონდა, სულ ცდილობდა ისეთ ადგილებში წავსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა.
- ბექა ჯაიანი თბილისში, ერთ-ერთი ცნობილი ბარის თანამშრომელი იყო?
- ბოლოს არ ვიცი სად მუშაობდა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პირად დაცვაში იყო. ჩვეულებრივ ვკონტაქტობდით ხოლმე, ჩემთვის შეურაცხყოფა არასოდეს მოუყენებია, მაგრამ ესენი ვერ რიგდებოდნენ...
- აპრილში კესომ გამოაქვეყნა სტატუსი, რომ ის სწორედ ან მიზეზით აპირებდა საქართველოს დატოვებას.
- დიახ, წასული იყო, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ისევ შერიგდნენ. ახლა დაშორდნენ სადღაც ათი დღეა. ჩემი ინფორმაციით პოლიცია მეგობრებს ჰკითხავს, ფაქტობრივად, სამ ადამიანთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ჩემთან და კიდევ ორთან.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულს 50 ჭრილობა აქვს მიყენებული.
- ახლა მივდივართ პროზექტურაში რომ მივიტანოთ ტანსაცმელი, რითიც უნდა გადმოასვენონ. გუშინ მომხდარის შემდეგ ერთად ვიყავით მე და კესოს დედა, შოკირებულია, მომხდარს ჯერ ვერ აანალიზებს...