თეგებით ძიება

ივანიშვილის ხელისუფლება რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის მაშველი რგოლი გახდა - ვასილ ურუშაძე

ივანიშვილის ხელისუფლება რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის მაშველი რგოლი გახდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“  ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასილ ურუშაძე საუბრობს. საქმე ეხება IDFI-ის კვლევას, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში 37 400 -მდე კომპანიაა, ასობით კომპანია კი ერთსა და იმავე მისამართზეა დარეგისტრირებული.

ვასილ ურუშაძის თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა დასავლურ და ევროპულ ინვესტიციებზე, თუმცა ეხმარება პუტინის რეჟიმს და რუსეთის ეკონომიკას, სანქციებს გვერდი აარიდოს, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ზარალდება.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა ევროპულ და დასავლურ კურსს აუცილებლად დაუბრუნდება.

მაშინ, როცა საქართველოს გაუჩნდა უდიდესი პერსპექტივა, შემოსულიყო დასავლური ინვესტიციები, დასავლური კომპანიები ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რაც საქართველოში შექმნიდა სამუშაო ადგილებს, განავითარებდა ეკონომიკას, ადამიანები ემიგრაციაში არ წავიდოდნენ, სამსახურის საძიებლად, არამედ საკუთარ ქვეყანაში დასაქმებოდნენ და იცხოვრებდნენ ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ეს პერსპექტივა ვერ გამოგვეყენებინა, მაგრამ ხელი შეუწყო რუსულ სანქცირებულ კომპანიებს საქართველოში ეწარმოებინათ თავისი ეკონომიკური საქმიანობა, თავი აერიდებინათ სანქციებისთვის. ფაქტობრივად, ივანიშვილის ხელისუფლება გახდა მაშველი რგოლი რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის, რუსი სანქცირებული ოლიგარქებისთვის, მათ უკანა ეზოდ ვიქეცით, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, არც სამუშაო ადგილებს ქმნის, უბრალოდ ჩვენ ვეხმარებით პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, რუსულ ეკონომიკას, თავი აარიდოს დასავლურ სანქციებს და აწარმოოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს გამოყენებით, რის გამოც ზარალდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ, მათ უწევთ ქვეყნიდან გადახვეწა შემოსავლის საძიებლად.

26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშორდება ძალაუფლებას, ჩვენ დაჩქარებული ტემპით გავწევრიანდებით ევროკავშირში, მოვიზიდავთ 14 მილიარდი ევროს ინვესტიციას და საქართველო გამოიყენებს იმ პერსპექტივას, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის გაძლიერებას, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა