ზელენსკი ბაიდენს სთხოვს გარანტიებს, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას რუსეთთან არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას არ აიძულებენ - მედია
როგორც ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს, უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენისთვის აპირებს, მოიცავს გარანტიებს, რომ თეთრ სახლში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას რუსეთის პირობებით მშვიდობაზე დათანხმებას არ აიძულებენ.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის სურს, ამერიკული მხარდაჭერა „ტრამპისგან დაიცვას“.
სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკი ცდილობს, მოიპოვოს მისი გეგმის მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციისგან და ამასთან, თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც კიევს შეიძლება, აიძულონ კიევისთვის არახელსაყრელი პირობებით დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან.
„მოდით, ყველაფერი ეს გავაკეთოთ დღეს, ვიდრე თანამდებობებს იკავებს ყველა ოფიციალური პირი, რომელთაც უკრაინის გამარჯვება სურთ“, – ციტირებს ბრიტანული გაზეთი უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „უკრაინის გამარჯვების გეგმა“ ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთია დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის წესის მსგავსი იქნება.
გარდა ამისა, გეგმა მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის გაგრძელებას კურსკის ოლქში, რაც კიევის მოსაზრებით გააძლიერებს უკრაინის პოზიციის რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინ.
ასევე, კიევი ითხოვს თანამედროვე შეიარაღებას და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას უკრაინის დაზარალებული ეკონომიკისთვის.
ოფიციალურად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ ჯერ არ გამოქვეყნებულა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის გარდა, ზელენსკი ამ გეგმას წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.
კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინის მიერ მომზადებულ „გამარჯვების გეგმას“ გაეცნობა მაშინ, როდესაც ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან მიიღებს.