ენმ ზუგდიდში, მათ წევრებზე თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებაზე მუხლის შეცვლას ითხოვს
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ პროკურატურამ ზუგდიდში, მათი კოალიციის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე მუხლი გადააკვალიფიციროს. ამის შესახებ ანა წითლიძემ განაცხადა.
"გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვეულებრივ ძალადობას გულისხმობს. ეს პოლიციის მხრიდან იმის მცდელობაა, რომ ამ ადამიანებს სასჯელი შეუმსუბუქონ. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ ეს საქმე გადააკვალიფიციროს და გამოძიება დაიწყოს შემდეგი მუხლებით: 225-ე მუხლით, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და ასევე, 325-ე მუხლით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
5 დღე გავიდა, რაც ეს კადრები ყველა არხმა აჩვენა. პოლიციას ეს ადამიანები ადგილზე უნდა დაეკავებინა, თუმცა, ვხედავთ იმას, რომ 5 დღის შემდეგაც ეს პირები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ზუგდიდში თავისუფლად დადიან და საშიშები არიან თითოეული იმ მოქალაქისთვის, ვინც ოპოზიციურად განწყობილია". - თქვა წითლიძემ.
ანა წითლიძემ გენერალურ პროკურატურასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა, რომ თუ ისინი ამ დანაშაულს ხელს დააფარებენ, მისი თანამონაწილეები იქნებიან.
შსს-მ ზუგდიდში, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ერთიანბა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ თქვა, რომ 19 სექტემბერს, ზუგდიდში, მას და მის თანაგუნდელებს ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
"მოხდა ის, რომ ჩვენს საინფორმაციო ფლაერებს ვარიგებდით და მოსახლეობას ვხვდებოდით, როდესაც ქართული ოცნების 50-მდე წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს, ფიზიკურად შემეხნენ მეც". - ამბობს წითლიძე.
განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების ძალადობისა და საზოგადოების დაპირისპირების კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა. ზუგდიდში ოცნების დანაშაულებრივი ბანდა თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ანი წითლიძესა და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს იმ დროს, როდესაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ და მოქალაქეებს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ" - წერია განცხადებაში.