ირანი მზადაა იმუშაოს მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული დაპირისპირების დასრულებისთვის - პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა იმუშაოს მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებთან, რათა ბირთვული დაპირისპირება დასრულდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დიალოგის გზით უნდა დასრულდეს. პეზეშკიანმა თავისი გამოსვლის დროს ისრაელი, რომელსაც ირანი მტრად აღიქვამს, ღაზის სექტორში გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
ირანის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ბირთვული პროგრამის გამო შემოღებულ სანქციებს შეარბილებს. „ჩვენ ვეძებთ მშვიდობას ყველასთვის და არცერთ ქვეყანასთან კონფლიქტს არ ვაპირებთ... ირანი ომის წინააღმდეგ გამოდის და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობას ხაზს უსვამს“, - აღნიშნა პეზეშკიანმა.