თეგებით ძიება

„2012 წელს თუ კარგი იყო აშშ და არჩევნების შედეგების დაცვის გარანტად გამოვიდა, ასე უცებ როგორ გაფუჭდა?“ - გოგა ჩანადირი

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე მიწვევის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ არ შეიძლება იმ უარყოფითი რიტორიკით ელაპარაკო ამერიკას, რასაც პარლამენტიდან და მთავრობის კაბინეტიდან ვისმენდით ჯერ კიდევ ელჩ დეგნანის დროიდან.

თუმცა, ამას თქმაც არ უნდოდა, ისედაც ნათელი იყო, ამას რა მოჰყვებოდა.

დიახ, აშშ სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების იმედია, განსხვავებით რუსეთისგან, რომელმაც ტოტლებენიდან მოყოლებული, არაერთხელ მოგვატყუა.

დიახ, მოკავშირეობა არ არის ცალმხრივი და ამას მხოლოდ აშშ-ს არ უნდა ვთხოვდეთ. ჩვენ თვითონ შესაფერისი მოკავშირეები ვართ?

თუ კი, მაშინ რას უკავშირდება სანქციები ჩვენს მოქალაქეებზე, პრემიერის დაპატიჟებაზე უარი და სხვა არაერთი აქტი, რომლის მოლოდინშიც ჩვენი ქვეყანაა?

იქნებ ჩვენს თავშიც უნდა ვეძებოთ ურთიერთობის გაფუჭების მიზეზები? თუ რუსეთი გვემუქრება და ამის გამო ვშორდებით დასავლეთს, რატომ არ ვამბობთ? ომის პარტია გვებრძვისო, ხომ ვამბობთ?

მართლა ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკა ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების დაკრულზე ცეკვავს და ვერ ხედავს ნამდვილ პრობლემებს?

რა სტუმარ-მასპინძლობაზე ვლაპარაკობთ? მაღალი ტრიბუნიდან შენს მოკავშირეს რომ  უდიერად ელაპარაკები, აღებულ ვალდებულებს უგულებელყოფ, თავს მოტყუებულად აგრძნობინებ, მისგან სტუმარ-მასპინძლობას ნუ მოელი. 

თუ ვინმეს მხრიდან პრობლემა შეგვექმნა, თუნდაც აშშ-დან, მოდი, რა, გვითხარი, გაგვარკვიე ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. იქნებ მართლა მართალი ხარ? არადა, ჯერჯერობით მხოლოდ თავს ვიმართლებთ და აშშ-ს კვლავ ნიშნისმოგებით ველაპარაკებით.

ხელისუფლების შეცვლა უნდაო, არჩევნებში ერევაო. ამაზე დაფიქრებულხართ? 

რა, 2012 წელს თუ კარგი იყო აშშ და არჩევნების შედეგების დაცვის გარანტად გამოვიდა, ასე უცებ როგორ გაფუჭდა?

უფრო სერიოზული პრობლემები ხომ არ აქვს შენგან და მის პრეტენზიებს არჩევნებში ჩარევად ასაღებ?

ჯერ კიდევ არის ურთიერთობის დალაგების საშუალება დასავლეთთან. ხელის გაშვერაზე მეტად კონსტრუქციულ ურთიერთობაზე ვიფიქროთ - წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება.

გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. მათ შორის შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა