ისრაელი ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადება
ისრაელის სამხედროები ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანი მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო.
„დღეს „ჰეზბოლამ“ გააფართოვა სროლის დიაპაზონი. დღეს, მოგვიანებით ის მიიღებს ძალიან ძლიერ პასუხს. დღეს ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ თავდასხმას და ვაგრძელებთ მათზე დარტყმას ყველგან. მიზანი არის ძალიან მკაფიო, ჩრდილოეთის მცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება. ამისთვის ჩვენ ვამზადებთ სახმელეთო მანევრს. თქვენი სამხედრო ჩექმები შევა მტრის ტერიტორიაზე, შევა სოფლებში, რომლებიც „ჰეზბოლამ“ მოამზადა, როგორც დიდი სამხედრო ფორპოსტი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, პუნქტებით, ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისთვის ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თქვენი შესვლა ამ რაიონებში ძალის გამოყენებით, თქვენი შეტაკება „ჰეზბოლას“ წევრებთან უჩვენებს მათ, რას ნიშნავს პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და საბრძოლო გამოცდილების მქონე ძალებთან შეჯახება“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.