კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში - „ოცნების“ დეპუტატი
კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში - დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ომი არ იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" ახალ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ბანერი არის ჩვეულებრივი ლუსტრაცია, თუ რას ნიშნავს ომში ყოფნა და რა ავირიდეთ თავიდან.
„დარწმუნებული იყავით, რომ ეს მშვიდობის პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. დამერწმუნეთ, საქართველოში ომი არ იქნება და ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდ გარემოში და მშვიდად განვითარდნენ.
კი ბატონო, გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში. მორჩა. არ გვინდა, რომ ის უბედურება, რომელიც დატრიალდა უკრაინაში, ჩვენს ქვეყანაში დატრიალდეს და გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდეს. დამერწმუნეთ, "ნაცმოძრაობის" პერიოდში დღეს ჩვენ აქ ვერ ვიდგებოდით, შეიძლება ეს [პარლამენტის] შენობაც არ ყოფილიყო," - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ქუჩებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერები გამოიფინა, წარწერებით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერზე გამოსახულია სამების საკათედრო ტაძარი, ასევე უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესია.