27 სექტემბერი ჯვართამაღლებაა
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.
რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმინდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართინა.
კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“.
მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი – კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმინდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული.
იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი – სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.
ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმინდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კრძალვით თაყვანს სცემდა მას.
წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).
წმინდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული, ახალი სტილით კი მას 27 სექტემბერს ვდღესასწაულობთ.