ჩვენთვის ტურიზმი მხოლოდ ეკონომიკა არაა და უპირველეს ყოვლისა, სტუმარ-მასპინძლობაზე გადის - მინისტრი
ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია და მშპ-ს 10%-ზე მეტს შეადგენს. ამასთან, იგი მოიცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონს და უამრავი ოჯახია ჩართული ამ დარგის განვითარებაში. თუმცა, ჩვენთვის ტურიზმი მხოლოდ ბიზნესი და ეკონომიკა არაა და უპირველეს ყოვლისა, სტუმარ-მასპინძლობაზე გადის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ცერემონიების სასახლეში მიღებაზე.
„ვფიქრობ, ქართული ტურიზმის ყველაზე ძლიერი მახასიათებელი სწორედ მასპინძლობაა, ვინაიდან სტუმრის მასპინძლობა ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ასევე ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყნებს წარმოადგენთ და კარგად გესმით, რაზეც ვსაუბრობ. უტყუარი ფაქტია, რომ როდესაც უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ვიზიტის ბოლოს საქართველოს ტოვებს როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარი და არა უბრალოდ ვიზიტორი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, როდესაც თქვენ სახლებში გაემგზავრებით, მოგენატრებათ საქართველო და აუცილებლად კიდევ გვეწვევით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო წელს პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან. 27 სექტემბერს 11.00 საათზე თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნება.