გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია, უკრაინას ახსოვს! - უკრაინის საელჩო სოხუმზე
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღის 31 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტატიანა კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალთან გვირგვინი მიიტანეს და აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
"27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტ. კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია.
უკრაინას ახსოვს!". - წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.