თეგებით ძიება

ილიაუნის სტუდენტები: ვგმობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული რჩებიან და მუდამ იდგებიან დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე.

„სტუდენტები ვეხმიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ვგმობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმაღლესი შეფასებებისა, უნივერსიტეტს მიანიჭოს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული და მუდამ ვიდგებით დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე!

ვიაზრებთ რა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ველი გადის დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებზე, მოგიწოდებთ, ოცდაექვს ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!

შევხვდებით არჩევნებზე!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების პირობით მიიღო.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელა, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ყველა სტანდარტის შესაბამისად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ „პრინციპულად არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის ერთ წელში მონიტორინგის პირობით მინიჭებაზე და მას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.

მათთვის გაუგებარია, რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაატაროს ხარისხის ცენტრმა ერთი წლის თავზე მონიტორინგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა