პრემიერი აშშ-ი ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო - გიორგი გახარია
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება.
როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ი ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, „ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად, ამიტომ არ დაელაპარაკნენ“.
„საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ დარჩა ერთადერთი ბოლო სამართლიანი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ეს არის არჩევნები. თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი და თავის როლს შეასრულებს, რაც არის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, მაშინ ის დაძაბულობა და გაურკვევლობა რაც არის საზოგადოებაში, მოიხსნება და „ოცნებაც“ იქნება ბედნიერი.
თუკი ქვეყანაში ყველამ ერთად ჩავატარეთ სამართლიანი არჩევნები, ზუსტად 6 თვეში დავეწევით მოლდოვას და დავიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს.
ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არაფორმალური მხარე არის ის, რომ როდესაც პრემიერი ჩავიდა აშშ-ი, ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ. უთხრეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. ეს კომუნიკაცია პირველად არ ხდება, ამიტომ ეს კომუნიკაცია შეუძლებელი იყო, ეს კარები ჩაკეტეს და მორჩა. როდესაც გაეროს ტრიბუნასთან იდგა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ კულუარულ შეხვედრებზე კობახიძე წავიდა იმისთვის, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის მესიჯები ჩაეტანა. მოუკლეს ეს გზა და პრემიერს უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო“,- განაცხადა გახარიამ.