კითხვაზე, თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში, გპასუხობთ: ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული - რომან გოცირიძე
შემეძლო შევსულიყავი იმ პარტიაში, რომლის იდეოლოგია უფრო ახლოს იქნებოდა ჩემს შეხედულებებთან, მაგრამ ეს ხელს შემიშლიდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში და დამოუკიდებელ საქმიანობაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის კვლავინდებურად აქტიური იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მხარში დაუდგება ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე.
„გამოქვეყნდა პარტიების საარჩევნო სიები. მთავარი მიღწევა ამ პროცესში არის ის, რომ ოპოზიციამ შეძლო გაერთიანება და არჩევნებზე ოთხი კონკურენტუნარიანი ბლოკით გასვლა.
კითხვაზე, თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში, გპასუხობთ: ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ოთხი ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს, ხოლო დანარჩენი ორი მრავალსუბიექტიანი ბლოკია, სადაც მინიმალურად თუ შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი თითოეული მხარე. ვინმეს ჩაჩოჩების არც სურვილი და არც მცდელობა არ მქონია და არც იქნებოდა სწორი.
პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი არის პარტია. არ არის ადვილი ამ სისტემაში ბალანსის დაცვა. ბევრი რამის ატანა უწევს ადამიანს. როცა გარემო აუტანელი ხდება, გიწევს მისი დატოვება. ამით ხდები ბედნიერი და თავისუფალი. ეს გიბრუნებს ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას, უფრო სანდო ხდები ამომრჩევლისთვის და მედიისათვის. ამას აქვს მეორე, უარყოფითი მხარე-პარტიულ ფესვებს და ზურგს მოწყვეტილი ვერ შეძლებ იმის გაკეთებას, რასაც პარტიასთან ერთად შეძლებდი, ვერ დაეუფლები თუნდაც ისეთ მძლავრ ტრიბუნას, როგორიც არის პარლამენტი.
პოლიტიკაში მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს.
რა თქმა უნდა, შემეძლო შევსულიყავი იმ პარტიაში, რომლის იდეოლოგია უფრო ახლოს იქნებოდა ჩემს შეხედულებებთან, მაგრამ ეს ხელს შემიშლიდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში და დამოუკიდებელ საქმიანობაში. მეამაყება, რომ “ევროოპტიმისტებმა”, რომელიც ხატია დეკანოიძესთან ერთად დავაფუძნეთ, ჩვენი მოკრძალებული კვალი დავტოვეთ ამ მოწვევის პარლამენტის ცხოვრებაში. 26 კანონპროექტი დავუტოვეთ მომავალ პარლამენტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისეთი პარლამენტი გვეყოლება, რომელიც დიდხანს არ შემოდებს ამ დოკუმენტებს თაროებზე.
რომ შევაჯამოთ: პარლამენტში საქმიანობის გაუგრძელებლობა ჩემი პოლიტიკური არჩევანი იყო.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერ იგრძნობთ, ვარ თუ არა პარლამენტში. ვიქნები კვლავინდებურად აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მხარში დავუდგები ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე.
ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთანაც მიწევდა თანამშრომლობა. მადლობა “ევროოპტიმისტების” ახალგაზრდა და ნიჭიერ შემადგენლობას, რომელთა წვლილი დიდია პარლამენტში ჩვენი მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.