"ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს - Reuters
"ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ამის შესახებ Reuters-ს თეირანის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
წყაროებმა განაცხადეს, რომ ირანი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ და სხვა რეგიონულ მარიონეტულ ჯგუფებთან მუდმივ კონტაქტშია, რათა შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, 27 სექტემბერს, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე ავიაიერიშის დროს დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.