"გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო... მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა" - ცნობილია საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდას ვინაობა
საბურთალოზე გუშინ 23 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. კონფლიქტი რამდენიმე ადამიანს შორის დაიწყო და დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, მოკლული 23 წლის გიორგი საყურაშვილია. ის გლდანში ცხოვრობდა. ბიჭის ახლობლები ჰყვებიან, რომ ის უკონფლიქტო და ძალიან კარგი პიროვნება იყო.
"ძალიან კარგი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უკრავდა, მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა. კარგი ოჯახის შვილი, გამარჯობას ვერ დაასწრებდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო" - ჰყვებიან ახლობლები.
"ორი დაჯგუფება ყოფილა, ერთმანეთთან გარჩევა ჰქონიათ. მოწმე ვარ ამ ყველაფრის. ფანჯრიდან ვიყურებოდი. ორი ჭრილობა მიუყენებიათ ძალიან რთულ ადგილას. სასწრაფომ გული ვერ აუმუშავა... პატარა ბიჭები იყვნენ, რატომ მოხდა გარჩევა, არ ვიცი. დარბოდნენ" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "ტვ პირველთან".