გიორგი იყო დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი - სახელმწიფო კონსერვატორია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, "საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია."
"მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ორი დღის წინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირებისას დაჭრილი ახალგაზრდა გუშინ, გამთენიისას გარდაიცვალა. კონფლიქტის საფუძველზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.